ბაკურიანი FIS-ის ეგიდით გამართულ ევროპისა და მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით ბაკურინაში, 19-20 თებერვალს ევროპის თასის ეტაპები, 3-6 მარტს კი მსოფლიო თასის ეტაპები გაიმართება. ევროპის თასის ეტაპები მოიცავს პარალელური გიგანტური სლალომის დისციპლინას, ხოლო მსოფლიო თასის ეტაპები სლოუფსთაილის, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სათხილამურო ფედერაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წლევანდელი შეჯიბრი განსაკუთრებული იქნება, რადგან ბაკურიანი სლოუფსთაილის სახეობას პირველად უმასპინძლებს. ჯამში კურორტს, მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის (ავსტრია, ავსტრალია, გერმანია, იტალია, შვეიცარია, ჰოლანდია, პოლონეთი და ა.შ), 200-მდე სპორტსმენი ეწვევა, მათ შორის პეკინის ოლიმპიადის ოქროს მედალოსანი ბენჟამინ კარლი.

წლევანდელ შეჯიბრებებს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან დაესწრება და საორგანიზაციო პროცესებში მონაწილეობას მიიღებს, ევროპის თასების კოორდინატორი როლანდ ჰორნი, მსოფლიო თასებზე კი შეჯიბრების დირექტორი რობერტო მორესი და რიჩი დატე. ბაკურიანში, საშეჯიბრო ტრასის დიზაინერი და მშენებელი კი კომპანია „შნეშტერნია“.

აღნიშნული შეჯიბრებები ჩვენი ქვეყნისთვის სატესტო ღონისძიებაა მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 2023 წელს თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში გაიმართება. მსოფლიო თასის ეტაპების წარმატებით ჩატარება მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, რადგან საქართველომ მსოფლიო რუკაზე საპატიო ადგილი უნდა დაიკაოს ზამთრის ტურიზმის მიმართულებით. მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში ბაკურიანში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. აშენდა სამი ახალი საბაგირო, დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მესამე ფაზა, აშენდა საშეჯიბრო ტრასა, შეძენილ იქნა სპეც-ტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი.

ყველა ღონისძიება FIS-ის მიერ შემუშავებული COVID პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდება.

შეჯიბრებები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „ემ თი ეის“ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება. ღონისძიების პარტნიორი კი კომპანია „სილქნეტია“.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები