მაშველებმა შეუძლოდ მყოფი მოქალაქე შატილიდან თბილისში, საავადმყოფოში გადმოიყვანეს

მაშველებმა შეუძლოდ მყოფი მოქალაქე შატილიდან თბილისში, საავადმყოფოში გადმოიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმების მიერ, მოქალაქე ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112″-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილში მოქალაქეს აღენიშნებოდა ჯანმრთელობის პრობლემები და სამედიცინო დაწესებულებაში გადასაყვანად, დაუყოვნებლივ ესაჭიროებოდა სამაშველო ჯგუფის დახმარება.

შეტყობინებაზე რეაგირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უმოკლეს დროში მოახდინა. რთული კლიმატური პირობების და საავტომობილო გზის ჩაკეტვის გამო, მოქალაქის დასახმარებლად სამაშველო ჯგუფი შატილის მიმართულებით სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გაემგზავრა.

ამ დროისთვის, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმების მიერ, მოქალაქე უკვე გადმოყვანილია თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, სადაც ქალბატონს აღმოუჩენენ აუცილებელ დახმარებას“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები