ხმაური ბათუმში – მაიაკოვსკის ქუჩის მცხოვრებლები დაზიანებული კორპუსის აღდგენას ითხოვენ
ხმაური ბათუმში – მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსის მცხოვრებლები, ქალაქის მერთან შესახვედრად საჯარო ბიბლიოთეკაში მივიდნენ, სადაც არჩილ ჩიქოვანს ღონისძიება ჰქონდა დაგეგმილი.
ისინი ამბობენ, რომ კორპუსში ცხოვრება შეუძლებელია და ამასთან დაკავშირებით მერისგან განმარტებებს ითხოვდნენ, თუმცა პასუხები ვერ მიიღეს. ჩიქოვანმა მათ განუმარტა, რომ პასუხისმგებლობა ინვესტორს ეკისრება, რომელსაც თანხა ბიუჯეტიდან უკვე გადაურიცხეს. რასაც ადგილობრივების უკმაყოფილება მოჰყვა.
ადგილობრივების თქმით, შენობა უკვე წლებია, ავარიულ მდგომარეობაშია და ამასთან დაკავშირებით ექსპერტების დასკვნაც არსებობს. 7 წლის წინ, ბათუმის მერიამ ადგილობრივებთან მიიყვანა ინვესტორი, რომელსაც ახალი კორპუსის აშენება და ადგილობრივების გაყვანა ევალებოდა. ამისთვის მას 400 000 ლარი ჩაერიცხა, თუმცა უკვე 2 წელია, კორპუსის მცხოვრებლები ინვესტორთან დაკავშირებას ვეღარ ახერხებენ.
როგორც კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები აღნიშნავს, რამდენიმე დღის წინ მომხდარმა მიწისძვრამ შენობა კიდევ უფრო მეტად დააზიანა, რის გამოც მათ სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში უწევთ ცხოვრება.
ცნობისთვის, ინვესტორი, რომელსაც ბიუჯეტიდან თანხა გადაურიცხეს, კომპანია “რეალმშენია”.