ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სოიოს გადამამუშავებელი საწარმო მოეწყო
სოიოს მცენარეული რძის წარმოების მიმართულებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სოიოს გადამამუშავებელი საწარმო მოეწყო. შპს “ჯეოსოია” დაათვალიერეს და საწარმოო პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ადგილზე გაეცნენ. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
საწარმო სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრის 2021 წლის პროგრამის “სოფლად მეწარმეობის განვითარების” ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 28 300 ლარით დაფინანსდა. საწარმო სოიოსგან სხვადასხვა პროდუქციის წარმოებას გეგმავს, რომლითაც ადგილობრივ ბაზარს მოამარაგებს.
გიორგი სურმანიძის განცხადებით, მსგავსი ტიპის საწარმოების ხელშეწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას აწარმოებს. სამინისტრო ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს. ჩვენი მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა მეწარმეებს დამატებით ბიძგს აძლევს წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. 2021 წელს სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა 18 პროექტი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას. სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.