ჩვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული დედისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ფოთის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს
ჩვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული დედის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ფოთის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.
ბრალდებულის ადვოკატის ცირა ჯავახიშვილის თქმით, დეტალებზე საუბრისგან თავს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე იკავებს. როგორც მან აღნიშნა, ბრალდებული გამოძიებასთან თანამშრომლობს.
ადვოკატის განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნის პასუხს, თუ რა გახდა ჩვილის გარდაცვალების მიზეზი, ელოდებიან, რაც ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.
ცნობისთვის, ახალგაზრდა ქალს გუშინ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით წარედგინა, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ფოთის დევნილთა დასახლებაში ჩვილის ცხედარი 14 თებერვალს ნახეს, მას შემდეგ, რაც საკანალიზაციო მილი გაიჭედა და დასახმარებლად ხელოსანი გამოიძახეს.