რუსთავში ავარიული კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაცია, 92 მილიონ ლარამდე გაზრდილი ბიუჯეტის პრიორიტეტად რჩება
რუსთავის ბიუჯეტი 11 მილიონი ლარით გაიზარდა და 92 მილიონ ლარს გადააჭარბა. ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, უსაფრთხო ქალაქის კონცეფციას, რუსთავის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და გაზრდილი ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა, სწორედ ავარიული სახლების გამაგრება-რეაბილიტაციას მოხმარდება.
რუსთავის მერმა გასულ წლებთან შედარებით უპრეცედენტოდ გაზრდილი ბიუჯეტის მთავარი მიმართულებები, რუსთაველის, ჩაპაევის, გიორგაძის, მე-14-ე და მე-11-ე მიკრორაიონების მოსახლეობას, საკრებულოს წევრებთან ერთად ადგილზე გააცნო. სწორედ აღნიშნულ მისამართებზე ჩაუტარდება ავარიულ საცხოვრებელ სახლებს გამაგრება-რეაბილიტაცია.
,,მოსახლეობასთან შეხვედრისას ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაცია. ჩვენ, ერთი ეტაპის ტენდერი უკვე გამოვაცხადეთ და პროცესი მიმდინარეობს რამდენიმე მისამართზე, ეს კი გამაგრებითი სამუშაოების მეორე ეტაპია. ჩვენთვის მთავარია, ქალაქში უსაფრთხო გარემოს შექმნა. როდესაც უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, ეს არის ბიუჯეტის სწორედ ერთ-ერთი ძალიან მსხვილი ნაწილი, რომელიც ავარიული კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაციას მოხმარდება”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
ავარიული კორპუსების გამაგრება რეაბილიტაციის სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება თბილისის, რჩეულიშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩებზე. რუსთაველის N11- ის, გიორგაძის N2-ის, ჩაპაევის N5-ის, მე-11 მკ-რ-ის N1, მე-14 მკ-რ-ის N10, 11 და 12 კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაციაზე კი ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.
რუსთავის მუნიციპალიტეტის გაზრდილი ბიუჯეტიდან თანხა ავარიული კორპუსების რეაბილიტაციის გარდა, ახალი საბავშვო და რეკრეაციული სივრცეების მოეწყობას, სტიქიით დაზიანებული შენობების სახურავების შეკეთებას და სოციალურ პროგრამებს მოხმარდება.