ნინო ლაცაბიძე: მაქსიმალურად შევეცდებით, ხელი შევუწყოთ საწარმოო პროცესის გაუმჯობესებას, რათა ჩვენს ქალაქში ჰაერის გაუმჯობესების ტენდენცია კიდევ უფრო დავაჩქაროთ
რუსთავში, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და გარემოს დაცვის შესახებ კანონმდებლობის ეფექტურად აღსრულებისა მიზნით, საწარმოების მონიტორინგის კამპანიის ფარგლებში, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, სამშენებლო მასალების მწარმოებელი მცირე საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელსაც ცემენტის, გაჯისა და კირის მწარმოებელი მცირე კომპანიები ესწრებოდნენ, საუბარი შეეხო, რა პრობლემების გადაჭრაა საჭირო იმისთვის, რომ მათ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონით განსაზღვრული მოთხოვნები დროულად შეასრულონ.
„რუსთავში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხში მუნიციპალიტეტი ისევ აქტიურადაა ჩართული. დღეს შეხვედრა გვქონდა მცირე საწარმოების ხელმძღვანელებთან. ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე და იმაზე, რამდენად არიან მზად, რომ მათი მხრიდან კანონის აღსრულება დროულად მოხდეს. დავგეგმეთ კონკრეტული ნაბიჯები, ასევე შევხვდებით სამინისტროს წარმომადგენლებს და მათთან ერთად მაქსიმალურად შევეცდებით ხელი შევუწყოთ საწარმოო პროცესის გაუმჯობესებას, რათა ჩვენს ქალაქში ჰაერის გაუმჯობესების ტენდენცია კიდევ უფრო დავაჩქაროთ“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის დროულად აღსრულების მიზნით, საწარმოების ერთობლივი მონიტორინგის კამპანიაში, აქტიურადაა ჩართული რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ლევან ვეფხვაძე. დღეისთვის, კამპანიის ფარგლებში უკვე შემოწმდა კომპანია „რუსელოისის“, „ჯეო სთილისა“ და „ჰაიდელბერგ ჯორჯიას“ რუსთავის საწარმოები.