გიორგი ვაშაძე: კონსულტაციები გვქონდა და შევთანხმდით, რომ რუსთავში, დიდი ალბათობით, კანდიდატურას არ დავაყენებთ

ვფიქრობდით რამდენიმე კანდიდატურასთან დაკავშირებით რუსთავში, ვაპირებდით მონაწილეობის მიღებას არჩევნებში, თუმცა, გვქონდა კონსულტაციები დღეს და შევთანხმდით, რომ არ დავაყენებთ კანდიდატურას, დიდი ალბათობით, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

“ხაზგასმით ვამბობ, რომ “სტრატეგია აღმაშენებელი”, რეფორმების ჯგუფი, ჩვენი პარტნიორი პარტიები, “რესპუბლიკური პარტია” ვფიქრობდით რამდენიმე კანდიდატურასთან დაკავშირებით რუსთავში, ვაპირებდით მონაწილეობის მიღებას არჩევნებში, თუმცა, გვქონდა კონსულტაციები დღეს და შევთანხმდით, რომ არ დავაყენებთ კანდიდატურას, დიდი ალბათობით, დანარჩენ დეტალებზე, როცა გვექნება “ლელოს” წარმომადგენლებთან საუბარი, ჩამოვყალიბდებით. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება რუსთავში არჩევნები და იმედია, შედეგიც იქნება ხალხისთვის სასარგებლო და კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ ხელისუფლების დემონტაჟისკენ. შემთხვევით არ ვამბობ, რომ შესაძლებლობა არის იმის, რომ თუ ახლო მომავალში არა, საშუალო ვადაში მაინც უმრავლესობა დაიშალოს და ახალი უმრავლესობა ჩამოყალიბდეს ამ პარლამენტში,” – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარად პარტია “ლელო” ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის დაყენებას აპირებს. აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ განაცხადეს, რაც გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “ქართული ოცნების” დეპუტატების გადაწყვეტილებით ჯაფარიძეს უფლებამოსილება შეუწყდა. საუბარია მისი საერთო ოპოზიციურ კანდიდატად დასახელებაზეც.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები