გია ვოლსკის განცხადებით, ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას რუსთავის ამომრჩეველი ნდობას არ გამოუცხადებს
რუსთავის საზოგადოება არ არის ის საზოგადოება, რომელიც ვერ გაარჩევს, რა არის თაღლითობა და რატომ არ შეიძლება, ბადრი ჯაფარიძის მსგავსი განაჩენის ადამიანი პარლამენტში იმყოფებოდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად “ლელოს” ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის წარდგენის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას რუსთავის ამომრჩეველი ნდობას არ გამოუცხადებს. გია ვოლსკიმ ასევე აღნიშნა, რომ “ლელოს” ლიდერი თაღლითობაში იყო ბრალდებული, რაც კონკრეტული ფაქტებით დადასტურდა.
„მისი და მისი მეგობრების მხრიდან განმარტება ან დასტური, რომ გამართლება აქვს ამხელა თანხის გამოტანას და გაქრობას, ვერ მოვისმინეთ. არც რუსთავის საზოგადოებაა ამ საკითხებში გაურკვეველი. ვფიქრობ, რომ ბადრი ჯაფარიძის ამ გზით დაბრუნება პარლამენტში არ შედგება“, – განაცხადა ვოლსკიმ.