ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრთან არსებულ წრეებზე გადასახადები უქმდება

ა(ა)იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრთან არსებულ წრეებზე გადასახადები უქმდება.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის, ბაკურ ავსაჯანიშვილის გადაწყვეტილებით, ადგილობრივ მოზარდებს ათამდე სხვადასხვა სახეობის კულტურულ-საგანმანათლებლო თუ სპორტულ წრეზე, გადასახადების გარეშე შეეძლებათ სიარული.

აღნიშნული საკითხი ბაკურ ავსაჯანიშვილმა, მოადგილე ტარიელ ხულელიძესა და ა(ა)იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელ, თამარ შიოლაშვილთან ერთად განიხილა. შეხვედრას ესწრებოდა მერიის განათლების, სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გიორგი ავსაჯანიშვილი.

„ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს ვცდილობ, მაქსიმალურად დაცული იყოს ჩვენი რაიონის ახალგაზრდობის ინტერესები და მიზნები.

ყველა ბავშვს აქვს განათლების მიღების უფლება. დაწყებითი განათლება სავალდებულო და უფასოა, ამას სახელმწიფო უზრუნველყოფს, მე კი მინდა, არასავალდებულო, არაფორმალური განათლებაც უსასყიდლო იყოს მათთვის.

ყველა ოჯახს არ აქვს იმის საშუალება, რომ ერთდროულად რამდენიმე ფასიან წრეზე ატაროს პატარები. ასეთ დროს შეიძლება, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა დაგვრჩეს ხელშეწყობის გარეშე და ამის ფუფუნება არ გვაქვს. ხევს განათლებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე ორიენტირებული მომავალი თაობა სჭირდება.

ვიმედოვნებ, ცენტრში დაგროვილი ცოდნა თითოეული ბავშვის პირად თვისებებსა და მრავალმხრივ ნიჭებს განავითარებს, მოამზადებს სრულწლოვანების ასაკისთვის.

ამასთან, კარგი იქნება, რომ ახალგაზრდებმა განათლების მიღება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებითაც შეძლონ და შეიქმნას ისეთი კლუბები, როგორებიცაა, მაგალითად, ლიდერთა სკოლა, წიგნის მოყვარულთა კლუბი, ლიტერატურული ჟურნალისტიკა, საოლიმპიადო მათემატიკა, აფლატინი, – რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდობა ისეთ კონცეფციებს სწავლობს, როგორიცაა ასაკი, გენდერი, ეროვნება, ეთნიკური კუთვნილება, ადამიანის უფლებები, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი და რელიგია”, – განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები