თბილისში, მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში პოლიციამ იარაღი ამოიღო, დაკავებულია რვა პირი
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო, დაკავებულია რვა პირი, – აცხადებენ შსს-ში.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარებისთვის რვა პირი დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ი. დააკავეს. დაკავებულის ბინის ჩხრეკისას, პოლიციამ „ნაგანის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 14 ვაზნა ამოიღო.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის, 1984 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ს.ო. დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „ტტ“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და ხუთი მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1995 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ა.მ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და ცხრა ვაზნა ამოიღო.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ანალოგიური დანაშაულისთვის, 1985 წელს დაბადებული ა.ჯ. დააკავეს. პოლიციამ მის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს პისტოლეტი, რევოლვერი და 25 საბრძოლო ვაზნა.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1978 წელს დაბადებული რ.კ. და 1969 წელს დაბადებული კ.კ დააკავეს.
სამართალდამცველებმა რ.კ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ერთი ცალი „სმიტ ვენსონის“ მოდელის რევორველი და 23 ცალი საბრძოლო ვაზნა, ხოლო კ.კ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „ჩეზეს“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.კ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, „ნაგანის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და შვიდი საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვის ფაქტზე, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, საგურამოში, 1988 წელს დაბადებული კ.ლ. დააკავეს. დაკავებულის ბინის ჩხრეკისას, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო: პისტოლეტი მჭიდით, ორი ვაზნა და მცირეკალიბრიანი შაშხანის 10 ვაზნა.
დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ უწყებაში.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.