ბორჯომის მერია: წაღვერში, მჟავე წყლების ნაწილით სარგებლობის უფლება აქვს კომპანიას, ხოლო დარჩენილი ლიმიტის ათვისება მოსახლეობას შეუძლია

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ”მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, თითქოს წაღვერში მდებარე მინერალური წყლის ჭაბურღილები ”ქართული ოცნების” ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეებზე გაასხვისა და მოსახლეობას ახლა ამ წყლებით სარგებლობის უფლება აღარ აქვს.

ბორჯომის მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას რადგან წაღვერში მდებარე მინერალური წყლების ჭაბურღილები, 2008 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ (მაშინდელმა გარემოს დაცვის სამინისტრომ) აუქციონის წესით 25-წლიანი იჯარით მოქალაქე რ. ნ. -ზე გაასხვისა.
“მფლობელმა 2015 წელს 50 ათას ამერიკულ დოლარად ჭაბურღილები გადასცა შპს ,,წაღვერს”, რომლის ახალი მფლობელები გეგმავენ, რომ მიმდინარე წლის მარტიდან, სატესტო რეჟიმში ქარხანაში მოხდეს მინერალური წყლის ჩამოსხმა. მინერალური წყლის ქარხანაში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ მოქალაქეებს და ტურისტებს ამ წყლით სარგებლობა აღარ შეეძლებათ არის ტყუილი, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე ამომავალი წყლების ნაწილით სარგებლობის უფლება აქვს კომპანიას, ხოლო დარჩენილი ლიმიტის ათვისება მოსახლეობას შეუძლია.
კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც სიუჟტეშია მოყვანილი არის შემოღობილი ტერიტორიები, რომელიც თითქოსდა იმისთვის გააკეთეს, რომ მოქალაქეებმა ვერ ისარგებლონ წყლით, სინამდვილეში კი კერძო ბიზნესს კანონი ავალდებულებს, რომ მიმდებარედ შვიდი მეტრის რადიუსში გაკეთდეს ღობე რადგან დაცული იქნეს ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები ” – ნათქვამია ბორჯომის მერიის განცხადებაში

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები