ფინანსთა მინისტრი ევაკუატორების მძღოლების ფოთში გამართულ საპროტესტო აქციას ეხმიანება
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ფოთის „გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან“ ევაკუატორების მძღოლების საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, მძღოლები ავტომობილების გაფორმების იმ ფორმის მიხედვით, რითაც საქმიანობდნენ, ავტომობილის შემდგომ განბაჟებაზეც არიან პასუხისმგებელი.
ამასთან, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გარკვეულ შემთხვევებში აღნიშნული ავტომობილების განბაჟება არ მომხდარა და შესაბამისად, მათ ვალდებულებები დაეკისრათ.
„გამოიკვეთა გარკვეული რაოდენობა, როდესაც აღნიშნული ავტომობილების განბაჟება არ მომხდარა და შესაბამისად, ვალდებულებები დაეკისრათ მათ. აქ არის ორი გამოსავალი – ან უნდა დაფარონ მათ ეს დავალიანებები და შემდგომ ჩვეულებრივ განაგრძობენ იგივე საქმიანობას, ან მეორე მხრივ, მათ ამ ფორმით თავის თავზე აღარ უნდა გაიფორმონ აღნიშნული ავტომობილები, რეალურმა მფლობელმა უნდა გაიფორმონ ის ავტომობილები, მათ კი უკვე გადაზიდვის უფლება თავისუფლად მიეცემათ, როგორც აქამდე ჰქონდათ“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ცნობისთვის, დღეს ფოთის „გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან“ ევაკუატორების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, ახალი რეგულაციის თანახმად, შემოსავლების სამსახური მათ იმ ავტომობილების განბაჟებას ავალდებულებს, რომლის გადაზიდვასაც ისინი პორტებიდან სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით ახორციელებენ.