ირაკლი ქადაგიშვილი: მივმართავთ სასამართლოს, რომ გადაწყვეტილებები, რაც სენაკის საკრებულოს უკანონო სხდომაზე მიიღეს, იყოს უარყოფილი
რაც სენაკის საკრებულოში მოხდა, ეს არის მართლაც წარმოუდგენელი რამ. მივმართავთ სასამართლოს, რომ ეს გადაწყვეტილებები, რაც ამ უკანონო სხდომაზე მიიღეს, უარყოფილი იყოს, – ამასთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა “იმედის” ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, სხდომაზე კვორუმი დარღვეული იყო და ყველა გადაწყვეტილება არალეგიტიმურია.
„ზოგადად, წარმომადგენლობითი დემოკრატიის ინსტიტუციაში მაშინ ხდება განხილვის დაწყება, როდესაც იქ არის შესაბამისი კვორუმი. თუ კვორუმი დარღვეულია, ბუნებრივია, არცერთი გადაწყვეტილება არ არის ლეგიტიმური. ეს ფუძემდებლური პრინციპები არის დარღვეული, გამომდინარე აქედან, ჩვენ, სულ მცირე მივმართავთ სასამართლოსაც, რომ ეს გადაწყვეტილებები, რაც უკანონოდ გამართულ სხდომაზე მიიღეს, იყოს უარყოფილი.
ვფიქრობ, თუ ამ კონკრეტულმა საკრებულომ ასე გააგრძელა საქმიანობა, მაშინ შეიძლება უფრო მწვავე რეაქციაც იყოს. უგულებელყოფა იმისა, რომ შენ კვორუმის გარეშე იწყებ საკრებულოს სხდომაზე საკადრო თუ სხვა ტიპის გადაწყვეტილებების მიღებას, არის დაუშვებელი და ძირს უთხრის წარმომადგენლობითი დემოკრატიის საფუძვლებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სენაკის საკრებულოში სხდომა კანონმდებლობით გათვალისწინებული კვორუმის მაგივრად, ნახევარზე ნაკლები დეპუტატის დასწრებით ჩატარდა.