მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო “აქოლისი” პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი ტელეკომპანია “ფორმულაზე” მცხეთის გენგეგმასთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ის “აქოლისის” დაკვეთას წარმოადგენდა.
“მსურს განცხადება გავაკეთო ტვ “ფორმულაზე”, მცხეთის გენგეგმასთან დაკავშირებით გაკეთებულ სიუჟეტზე.
ძალიან მარტივია მიხვდე, რომ ეს სიუჟეტი გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის “აქოლისის” პირდაპირი დაკვეთაა, რაც არასწორი გზაა მცხეთის საკრებულოსთან საურთიერთოდ. როდესაც წლების განმავლობაში მცხეთის საკრებულოსთან თანამშრომლობ, ამ სიუჟეტის მომზადება უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს არ უნდა აკადრო”, – განაცხადა გიორგი ელოშვილმა.
მისი თქმით, “აქოლისის” მიერ მომზადებული პროექტი გამოხატავს მხოლოდ კონკრეტული პიროვნებების ბიზნესს-ინტერესებს ტურიზმის განვითარებაში.
“რაც შეეხება უშუალოდ მცხეთის გენგეგმაზე საკრებულოს მოსაზრებას, არაერთხელ განვაცხადეთ, რომ “აქოლისის” მიერ მომზადებული პროექტი გამოხატავს მხოლოდ კონკრეტული პიროვნებების ბიზნესს-ინტერესებს ტურიზმის განვითარებაში. აქ არსად არის გათვალისწინებული თავად მცხეთელების ინტერესები და რაც მთავარია, კულტურული ძეგლების დაცვის ინტერესი. მარტივად აღსაქმელია, რომ სიწმინდეების დაცვის სახელის უკან სულ სხვა ინტერესები იკითხება.
სწორედ ამიტომ, უკვე მესამე საკრებულოა მცხეთაში რომ ამ პროექტს უარს ეუბნება. მე გახლავართ ასევე ქალაქ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი და რათქმაუნდა, ვიცავ მცხეთელების და მცხეთის სიწმინდეების ინტერესებს.
საკრებულოს სახელით ვაცხადებ, რომ მცხეთის გენგეგმის საკითხი ყველაზე მეტად აღელვებს მცხეთელებს. ქალაქი გაყინულია უკვე მეშვიდე წელია და მოქალაქეებს არ ეძლევათ ნორმალური ცხოვრების საშუალება. მცხეთის საკრებულო მხარს დაუჭერს ისეთ პროექტს, რომელიც კონკრეტულად ასახავს გრძელვადიან პერსპექტივაში მცხეთის სიწმინდეების და ასევე მცხეთელების ინტერესების დაცვას. ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია.
რაც შეეხება პირადად ჩემზე გასულ ინფორმაციას, რომ მე არ ვისურვე მათთან კომენტარის გაკეთება, მინდა განვმარტო, რომ ხალხს, რომელიც მაგიდასთან მისხედან, ტელევიზიებით არ ვესაუბრები, ჩემს სათქმელს პირისპირ ვამბობ. ეს ელემენტარული ეთიკის წესებია.
მცხეთის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს “აქოლისს” ვურჩევთ, გაითვალისწინონ ჩვენი და იუნესკოს შენიშვნები და ისე წარმოგვიდგინონ პროექტი”, – აღნიშნულია გიორგი ელოშვილის განცხადებაში.