აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხელვაჩაურის მერს და ადგილობრივ მეწარმეებს შეხვედრა გამართა
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს ზაზა დიასამიძეს, ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს და მეწარმეებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, გიორგი სურმანიძემ 2022 წელს განსახორციელებელი პროგრამებისა და მათი სპეციფიკის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. მოისმინა მათი მოსაზრებები, რომლებიც ასახული იქნება სამომავლოდ სამინისტროს პროგრამებში. შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებსა და სამომავლო კოორდინირებულ თანამშრომლობის საკითხებზე.
“შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე სპიკერი ტიტე აროშიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე და მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის ბიუჯეტი 2021 წლის ბიუჯეტთან შედარებით 1 154 476 ლარით გაიზარდა და განისაზღვრა 20 055 441 ლარით.
2021 წელთან შედარებით იზრდება სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა. რომლის დაფინანსება განსაზღვრულია 1 415 783 ლარით. ამასთანავე 2021 წელთან შედარებით გაორმაგებულია სოფლად მეწარმეობის განვითარების ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები რაოდენობა და განისაზღვრება 24 ერთეული პროექტით – რომელიც დაფინანსდება 3 197 640 ლარით.
2022 წელს განხორციელდება 20 სტუდენტის და კურსდამთავრებულის ანაზღაურებადი სტაჟირება, ნაცვლად 10 სტუდენტისა. რომლის დაფინანსება იქნება 90 000 ლარი. ასევე გაგრძელდება აგრარული ექსტენციის მიწოდება, რომლის ფარგლებშიც 3600 ფერმერს საველე პირობებში სოფლის მეურნეობის დარგის სხვადასხვა მიმართულებებით გაეწევა სწავლება-კონსულტირება.
დაგეგმილია ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია, საექსპორტო და საინვესტიციო პოტენციალის გაზრდის მიზნით ღონისძიებების ჩატარება დაფინანსებით 50 000 ლარი.
გასული წლის მსგავსად გაგრძელდება სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავება. რომლის დაფინანსება შეადგენს 756 405 ლარს, იზრდება პროგრამის ,,მეციტრუსეობის განვითარების ხელშეწყობა’’ რომლის ბიუჯეტიც იქნება 750 000 ლარი.
2022 წლისთვის განახლდა ქვეპროგრამა მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა, პროგრამის ბიუჯეტი 295 188 ლარი იქნება. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშის განახლების ხელშეწყობის ფარგლებში 2022 წლის ბიუჯეტი იზრდება და დაფინანსება შეადგენს 137 500 ლარს.
ტყის მდგრადი მართვის პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება 100 ჰა დეგრადირებული ტყის ფართობის აღდგენითი ღონისძიებები. სატყეო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით განხორციელდება არანაკლებ 25 კმ. სატყეო-სამეურნეო დანიშნულების გზის გაყვანა და არანაკლებ 100 კმ. ძველი გზის რეაბილიტაცია, ასევე მოხდება მეტყევის სახლის მშენებლობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.