წეროვანის დევნილთა დასახლებაში შიდა საუბნო გზების მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს
წეროვანის დევნილთა დასახლებაში შიდა საუბნო გზების მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. შედეგად, დასახლების 14 ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგება. პროექტს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, პირველ მოადგილე გიორგი ჩიფჩიურთან, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან, დიმიტრი ზურაბიშვილთან, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელ ნუგზარ თინიკაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
როგორც მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, პრიორიტეტი მოსახლეობისათვის უკეთესი პირობების შექმნაა, ამიტომ, მსგავსი სახის პროექტები, რეგიონის მასშტაბით, მომავალშიც გაგრძელდება.
“მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სხვადასხვა სახის, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. ასეთი პროექტები მხარისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, სარეაბილიტაციო თუ სამშენებლო სამუშაოები ოთხივე მუნიციპალიტეტში მომავალშიც განხორციელდება, რადგანაც ჩვენთვის მთავარი ჩვენს მოსახლეობაზე ზრუნვაა”, – განაცხადა დავით ნოზაძემ.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.