მცხეთაში ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება. ამჯერად, მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან, დიმიტრი ზურაბიშვილთან ერთად, ქალაქ მცხეთაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. საუბრის მთავარი თემა რეგიონში არსებულ ეპიდსიტუაციისა და კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მნიშვნელობას ეხებოდა.
დავით ნოზაძემ საუბრისას ყურადღება ვაქცინაციის წამახალისებელ პროგრამებზე გაამახვილა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება, ერთჯერადად 200 ლარიან დანამატს, “ბუსტერ” დოზით აცრის შემთხვევაში კი 100 ლარიან დანამატს მიიღებს. მისივე განცხადებით, აცრა პანდემიისაგან თავის დასაღწევადაა საჭირო, მოსახლეობის იმუნიზაციისათვის კი ამ ეტაპზე ქვეყანაში საკმარისი ვაქცინა არსებობს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რეგიონის კოორდინატორი ბადრი კუკულაძე. მან შეკრებილ მოსახლეობას ვაქცინებისა და იმუნიზაციის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ აცრის გაკეთება, როგორც ქვეყნის, ასევე, რეგიონის მასშტაბით, უსაფრთხო გარემოშია შესაძლებელი.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები გივი გიუტაშვილი, თამაზ ფოლოდაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი კვახაძე. მათ მოქალაქეებს განუმარტეს, რომ ვაქცინაცია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, რეგიონში სულ მასობრივი იმუნიზაციის ხუთ და სოფლის 22 ამბულატორიაში, სინოვაკით, სინოფარმითა და ფაიზერითაა შესაძლებელი. ამიტომ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას კოვიდ19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.