დღეს დავითობაა – ქუთაისში სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერ იოსებ ხახალეიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინით შეამკო. ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე გამოფენილი თემატური ფოტომასალა დაათვალიერა.
“ვულოცავ საქართველოს დავითობას და განსაკუთრებით ქუთაისს. მეფე დავითი ყოველთვის იყო სიმბოლო სიძლიერის და სიმამაცის. ვისურვებდი, რომ ისტორიულ წარსულში ჩვენი ქვეყნის ერთიანობა და სიძლიერე გადმოგვეტანოს დღევანდელ რეალობაში, რადგან ერთიანობა და ეროვნული სულისკვეთება არის ერთადერთი გზა იმისკენ, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობა” – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
დღესვე ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს გელათის მონასტერში დავით აღმაშენებლის საფლავს.
“დღეს პატივი მივაგეთ უდიდესი ქართველი მეფის ხსოვნას. ქუთაისიდან დაიწყო დავით აღმაშენებელმა საქართველოს გაძლიერება. ქუთაისში, ტრადიციულად, განსაკუთრებულად აღინიშნება ეს დღე.
“დავითობას ” გილოცავთ! ძლიერ, დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ” – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
დავითობასთან დაკავშირებით ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამოფენა ,,ძლევაი საკვირველი” მოეწყო. ასევე დაინტერესებულ პირებს ჰქონდათ საშუალება დასწრებოდნენ საჯარო ლექციას ,,დავით აღმაშენებელი და ქართული სახელმწიფოებრიობა”.
დავით აღმაშენებლის სახელს ქვეყნის გაერთიანება და აღმშენებლობა, დიდი საბრძოლო გამარჯვებები, ქვეყნის ძლიერების სიმბოლოდ ქცეული დიდგორი უკავშირდება.
ღონისძიებები COVID-19-ის რეგულაციების დაცვით გაიმართა.