რატომ მყარდება ლარი – ირაკლი კოვზანაძის განმარტება
“ბოლო პერიოდში ლარი გამყარების ტრენდს ინარჩუნებს, თუმცა ამ გამყარების მიზეზი არ არის რაიმე მყისიერი მოვლენა ან ერთჯერადი ქმედება”, – პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ ლარის გამყარების მიზეზები განმარტა.
„ლარის გამყარების საფუძველი შექმნა რამდენიმე გარემოების ერთობლიობამ: კერძოდ,
• ორნიშნა ეკონომიკური ზრდა(10.6%).
• სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება (8-10.5%).
• იანვარში შემცირებული ფულის მასა (M2) დაახლოებით 700 მლნ. ლარით.
• მნიშვნელოვნად გაზრდილი ფულადი გზავნილები, გაზრდილი ექსპორტი.
ჩვენი ეკონომიკის მაღალი იმპორტდამოკიდებულების და მაღალი დოლარიზაციის პირობებში ლარის გაუფასურება, ანუ დევალვაცია მნიშვნელოვნად და პირდაპირ გადაეცემა ფასებს, ანუ აისახება ინფლაციაში. შესაბამისად ლარის გამყარება, ანუ რევალვაცია თავის მხრივ ინფლაციის შემცირებაზე დადებითად იმოქმედებს.
ასევე როგორც ეკონომისტი და ფინანსისტი აღვნიშნავ, რომ გრძელვადიანი მაკროეკონომიკური ხედვით, ლარის გამყარების ფასი უფრო მაღალია, ვიდრე მისი ზემოქმედება ინფლაციაზე“, -განაცხადა კოვზანაძემ.