საგარეო უწყება ოკუპირებული ტერიტორიების შესაძლო აღიარებაზე ლუკაშენკოს განცხადებას გამოეხმაურა
ბელორუსსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
ამის შესახებ “კვირას” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარიამ ნარჩემაშვილმა განუცხადა.
“სოლოვიოვ Live”-ის ეთერში ბელორუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ კითხვაზე, აპირებს თუ არა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას, თქვა, “როგორც კი მივხვდები და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი მეტყვის, რომ ამის საჭიროებაა” და დასძინა, “ამის რაიმე სასიცოცხლო საჭიროება არსებობს?”
“ბელორუსსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი დღის წესრიგში არ დგას და ბელორუსი ამ მხრივ რჩება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების ერთგული. რაც შეეხება ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ინტერვიუს რუსულ ტელეარხთან, მისი ინტერვიუდან ცალკეული ამონარიდები, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მიზანმიმართული აქცენტებით არის ინტერპრეტირებული რუსული მედიის მხრიდან და ისე მოწოდებული საზოგადოებისთვის”, – აღნიშნავენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.