ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოდან ქალღმერთის ქანდაკება მოიპარეს
ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზოდან ქანდაკება მოიპარეს. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. ქურდობის შესახებ მუზეუმის თანამშრომლებმა დღეს დილით შეიტყვეს.
„ქანდაკებაა მოპარული. პოლიციას მივმართეთ, მათ უკვე დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები, როგორც ვიცი ადგილის ექსპერტიზა დასრულებულია და მიმდინარეობს კამერების დათვალიერება”,- განაცხადა მუზეუმის დირექტორმა დავით ოკუჯავამ.
საუბარია მცირე ზომის ნახევრად ბრინჯაოს ქალღმერთის ქანდაკებაზე, რომელიც ცაიშში არქეოლოგიური გათხრების დროს არის ნაპოვნი. ქანდაკების სახელია – “კოლხური ნანა”, რომელიც წარმართული ღვთაებაა.
ცნობისთვის, მსგავსი ქანდაკება საბერძნეთის კუნძულ სამოსშიც არის ნაპოვნი. ისტორიკოსების განმარტებით, ის ჩვ.წ. მე-8 საუკუნით თარიღდება.