რა პროექტები ხორციელდება ოზურგეთში განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში – მერის განმარტება
პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, „განახლებული რეგიონების პროგრამის“ ფარგლებში უკვე დავიწყეთ ოზურგეთის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია და სრული რეაბილიტაცია, – ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მერიის სხდომაზე განაცხადა.
“პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, „განახლებული რეგიონების პროგრამის“ ფარგლებში უკვე დავიწყეთ ოზურგეთის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია და სრული რეაბილიტაცია. მალე დასრულდება ყოფილი ფოსტის შენობის იერსახის მოწესრიგება და მიმდინარე წელს განახლდება ადმინისტრაციული შენობის ინფრასტრუქტურა. საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული მართვის პროგრამის ფარგლებში ვიწყებთ დოლიძისა და ბოლქვაძის ქუჩების რეკონსტრუქცია და რეაბილიტაციას.
სოფელ შრომაში ვიწყებთ საბავშვო ბაღის მშენებლობას, შედეგად ბავშვები უსაფრთხო და კეთილმოწყობილ შენობაში მიიღებენ შესაბამის მომსახურებას. მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, დაბა ურეკში დავიწყეთ 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობა. სოფელ ნაგომარში ვიწყებთ ხანძრის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის საბავშვო ბაღის, საექიმო ამბულატორიისა და ადმინისტრაციული ოფისის აღდგენას – ჯამში დაიხარჯება 300 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან და 300 000 ლარი იაპონიის მთავრობის გრანტიდან.
პროგრამა „იყავი თანამმართველი“ – დასრულდება დაწყებული პროექტები და ასევე, გამოცხადდება ახალი საკონკურსო იდეების მიღება“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ამიერიდან სამუშაო სხდომები და საკითხები, რომელსაც განიხილავენ, ონლაინ მედიითაც გადაიცემა და მოქალაქეებს ექნებათ საშუალება თვალი ადევნონ, თუ რა საკითხები გადის მერიის სხდომებზე, რა დავალებები გაიცემა და რა იგეგმება ოზურგეთში.