იორმუღანლოში ერთი თვის წინ გაუჩინარებული ნაზიმ ნაბიევის ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში საპროტესტო აქცია გაიმართა. ერთი თვის წინ დაკარგული ნაზიმ ნაბიევის ოჯახის წევრები მოითხოვენ დროულად გამოიძიონ ნაბიევის საქმე და მის ადგილსამყოფელს მიაკვლიონ. მათივე თქმით, პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.
ცნობილია, რომ გაუჩინარებული კაცი ბოლოს, 4 იანვარს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, ყურბანოვების ოჯახში იმყოფებოდა. ის პირუტყვის შესაძენად კასპში წასვლას აპირებდა და თან 32 000 ლარი ჰქონდა.
ოჯახი ვარაუდობს, რომ 42 წლის კაცის გაუჩინარება, სწორედ ფულს უკავშირდება.
ფაქტს საგარეჯოს პოლიცია იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.