წყალტუბოს სოფლების მოსახლეობასთან ახალი რეგიონული უსაფრთხო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვედებარებაში არსებულმა შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ მომზადებული, ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის პროექტის სკოპინგის ანგარიშის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები და მიგნებები წარუდგინა.
ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, მზია გიორგობიანი და კობა გაბუნია, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლები.
ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრების მთავარი მიზანი პროექტის თითოეულ ეტაპზე მოსახლეობის ინფორმირება, მათი ჩართულობის უზრუნველყოფაა და მოსახლეობის მოსაზრებების სკოპინგის ანგარიშში ასახვაა.
შეხვედრის ფარგლებში, მოსახლეობას საშუალება მიეცა დეტალურად გასცნობოდა პროექტთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან თემებს: სკოპინგის ფარგლებში განხორციელებული კვლევებსა და მიგნებებს; ნარჩენების განთავსების ახალი ობიექტის პროექტირებასთან, მშენებლობასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საკითხებს; დაინტერესებული მხარეებისა და საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფის მექანიზმებს; ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით მონიტორინგის კომისიის ფორმირების შესაძლებლობებსა და ინფორმაციას საზოგადოების მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ.
პროექტის ფარგლებში, მონიტორონგის კომისიის წევრები მონიტორინგს გაუწევენ ახალი რეგიონული ობიექტის როგორც პროექტირების, ისე მშენებლობის, ექსპლუატაციაში შესვლისა და ოპერირების პროცესს.
მოცემულ ეტაპზე, სკოპინგის ანგარიში წარედგინება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელიც, თავის მხრივ, ადგილობრივ მოსახლეობასთან სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვებს გამართავს.

ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი ხორციელდება ქართულ-გერმანული თანამშრომლობის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW), ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ფონდისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის დაპროექტება და მშენებლობა, რომელიც დააკმაყოფილებს ქართულ და საერთაშორისო სტანდარტებს და მოემსახურება იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონების მცხოვრებ მოსახლეობას.

პროექტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია 6 გადამტვირთი სადგურის მშენებლობა, მუნიციპალიტეტების აღჭურვა ნარჩენების შესაგროვებელი საჭირო ტექნიკითა და ახალი ობიექტის ექსპლუატაციის შესვლის შემდეგ, ქუთაისის არსებული ძველი ნაგავსაყრელის (“ნიკეას”) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დახურვა.
პროექტის განმახორციელებელი კონსულტანტები არიან CDM Smith Europe და მისი ადგილობრივი პარტნიორები Saunders Group (საქართველო) და GEO (საქართველო).

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები