ლევან მებონია: ჯვრის წყალსაცავში რეზერვები პრაქტიკულად ამოწურულია, თუ სიტუაცია არ შეიცვლება, ”ენგურჰესი” ვერ იმუშავებს უწყვეტად
ჯვრის წყალსაცავში რეზერვები პრაქტიკულად ამოწურულია, თუ სიტუაცია არ შეიცვლება, ”ენგურჰესი” ვერ იმუშავებს უწყვეტად, – ამის შესახებ ‘’ენგურჰესის’’ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია, უახლოეს მომავალში მოხმარება შემცირდეს, ან ამინდის პირობები შეიცვალოს და წვიმა დაიწყოს.
‘’თუ უახლოეს მომავალში ამინდი არ შეიცვლება, დიდი ალბათობით, ენგურჰესი მთელი დღე ვერ იმუშავებს. იმუშავებს გარკვეული საათის განმავლობაში, შესაძლოა, 5-8 საათი დავდგეთ, დავაგროვოთ წყალი, შემდეგ კიდევ რვა საათი ვიმუშაოთ. დიდი ალბათობით, ჰესის ფუნქციონირება დღისით შეჩერდება და საღამოს აღდგება“, – განმარტა მან.
მებონიას განცხადებით, ძნელია იმის პროგნოზირება, რამდენ ხანს გაგრძელდება კრიტიკული მდგომარეობა
„თუ თებერვლის შუა რიცხვებიდან ან მარტიდან დათბობა იქნება, ჩვენ ალბათ შევძლებთ იმ ნაწილის უზრუნველყოფას, რომელიც დაკავშირებულია ენგურჰესთან. მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ კიდევ რთულია“, – თქვა მან.
ლევან მებონიას თქმით, 2020 წელს ოკუპირებულმა აფხაზეთმა მოიხმარა დაახლოებით 2 მილიარდ 520 მილიონი კვტ/სთ, ხოლო 2021 წელს თითქმის 3 მილიარდი კვტ/სთ.
21 დეკემბრიდან ოკუპირებული აფხაზეთის უმეტესი ნაწილი ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებს. მოძრავ- გამორთვის განრიგი გაუქმდა, გარდა იმ შეზღუდვებისა, რომლებიც დაწესებულია ელექტრო ქსელზე გაზრდილი დატვირთვის შემთხვევაში.