თელავის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის 31 მლნ ლარის ღირებულების პროექტები ხორციელდება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია თელავის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ორ პროექტს ახორციელებს.  ქალაქში მიმდინარე სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, აკაკი მშვიდობაძემ ადგილზე დაათვალიერა და კონტრაქტორი კომპანიისგან დეტალურად მოისმინა უკვე შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი  სამუშაოები.

არსებული ინფორმაციით, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ამ დროისთვის თელავში წყლის დებიტი შემცირებულია. აკაკი მშვიდობაძის განცხადებით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები აქტიურად მუშაობენ დებიტის გაზრდისა და არსებული გრაფიკის შენარჩუნებისთვის.

,,ქალაქში არსებულ გამოწვევაზე წყალმომარაგების კომპანიამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები წყლის დებიტის გაზრდისთვის. გარდა ამისა, პარალელურ რეჟიმში მოსახლეობას წყალს ვაწვდით წყალმზიდების მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ქალაქ თელავში მიმდინარეობს ორი პროექტი. პირველი ეს არის ,,წიწმატიანის’’ პროექტი, რომელიც გულისხმობს 11 კილომეტრიანი მაგისტრალის მოწყობას, რითაც შესაძლებლობა მოგვეცემა ,,წიწმატიანის’’ სათავე ნაგებობიდან წყალი მივაწოდოთ ქალაქ თელავს. დამატებით,  მიმდინარეობს საერთაშორისო დონორის მხარდაჭერით წყალმომარაგების  სისტემების მშენებლობა, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა სრულიად ახალი ქსელი ქალაქის მასშტაბით.  ორივე პროექტი, მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ თელავი 24 საათიანი წყალმომარაგებით იყოს უზრუნველყოფილი’’, – განაცხადა აკაკი მშვიდობაძემ.

თელავში მიმდინარე პროექტების ჯამური ღირებულება 31 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოები საქართველოს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები