გორის მერია 2022 წელს 12 სოციალურ პროექტს აფინანსებს
2022 წელს გორის მერია თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში 12 სოციალური პროექტს აფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, „სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამით“ ფინანსდება ის ორგანიზაციები, რომლებიც თავისი პროექტების განხორციელებით ხელს უწყობენ გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
“ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი პროექტები, მერიაში შექმნილმა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა განიხილა და მათი დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება პროგრამის კრიტერიუმის გათვალისწინებით მიიღო.
პროექტები ითვალისწინებს:
მზრუნველობას მოკლებული მოხუცების შინ მოვლის სერვისებით უზრუნველყოფას (20 ბენეფიციარი);
შშმ ბავშვების დღის ცენტრით მომსახურებით უზრუნველყოფას (25 ბენეფიციარი);
მზრუნველობა მოკლებული სოციალურად დაუცველი ბავშვების საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას (60 ბენეფიციარი);
0-დან 7 წლამდე განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების კოგნიტიური, მოტორული, კომუნიკაციური და ემოციური უნარების განვითარების ხელშეწყობას (60 ბენეფიციარი);
მარტოხელა და სიღარიბის ზღვარს მიღმა სხვადასხვა საჭიროების მქონე მოხუცების შინ მოვლის ხელმისაწვდომობის გაზრდას (200 ბენეფიციარი);
შინ მოვლის საჭიროების მქონე მოქალაქეების შესაბამისი სერვისებით, მედიკამენტებით, ჰიგიენური საშუალებებით და საყოფაცხოვრებო მომსახურებით უზრუნველყოფას (90 ბენეფიციარი);
დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ხანდაზმულების სოციალურ ინკლუზიას, რესოციალიზაციას და რეაბილიტაციას (70 ბენეფიციარი), მარტოხელა სოციალურად დაუცველი მოხუცებისთვის დღის ცენტრის მომსახურებით უზრუნველყოფას (39 ბენეფიციარი);
კატასტროფების პერიოდში სხვადასხვა კატეგორიის მოწყვლადი ჯგუფების მომზადებას, მათი ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში ჩართვის უზრუნველყოფას;
სოციალურად დაუცველი და უკიდურესად გაჭირვებული 16 მოხუცებულის თავშესაფრით უზრუნველყოფას (24 საათიანი მომსახურება, კვება, რეაბილიტაცია);
სოციალურად დაუცველი საოჯახო სახლის 40 აღსაზრდელის საზაფხულო ბანაკში დასვენებას.
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, გადაადგილება შეზღუდული 20 ბენეფიციარისთვის გორისა და ატენის ეპარქიის უფასო სასადილოდან ცხელი საკვების მიწოდება და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას.
დევნილი და სოციალურად დაუცველი 20 მოზარდის რეაბილიტაცია.
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, „სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში გორის მერია წლებია წარმატებით თანამშრომლობს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.