ტყიბულის შახტში აფეთქებისას დაშავებულებიდან სამის მდგომარეობა მძიმეა
ტყიბულის შახტში მომხდარი აფეთქების შედეგად დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი რვა მეშახტიდან სამი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. კრიტიკულად მძიმეა ერთ-ერთის მდგომარეობა, რომელსაც სხეულის 60 პროცენტის დამწვრობა აქვს მიღებული.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული სამი პაციენტი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. დანარჩენი ხუთი კი ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა. შრომის ინსპექციის პირველადი მოკვლევით, ტყიბულის შახტში საამფეთქებლო სამუშაოები უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა, ამასთან, მუშაობისას ტექნიკური ხელმძღვანელი ადგილზე არ იყო.