ნინო ლაცაბიძე: “დღეს ვნახეთ სწორედ ის, რომ სააკაშვილისა და გახარიას პარტიები მორიგდნენ”

დღეს ვნახეთ სწორედ ის, რომ სააკაშვილისა და გახარიას პარტიები მორიგდნენ. გულწრფელად გეტყვით, ამის მოლოდინი იყო, რამდენიმე მუნიციპალიტეტში მსგავსი მიდგომა ჰქონდათ და ჩვენთანაც ეს მოხდა, – ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრის არჩევაზე განაცხადა.

ლაცაბიძის განმარტებით, “ქართულ ოცნებას” საკუთარი კანდიდატი არ დაუსახელებია.

“ჩვენ არცერთ თანამდებობაზე ჩვენი წევრები არ დაგვისახელებია. ჩვენთვის თანამდებობები მნიშვნელოვანი არ არის. თითოეული ჩემი თანაგუნდელი, რომელიც საკრებულოშია წარმოდგენილი, არჩევნების მეორე დღიდანვე აგრძელებს შეხვედრებს მოსახლეობასთან, ჩართულია ყველა მნიშვნელოვან პროექტში, რომელსაც რუსთავის მერია ახორციელებს და ასე გავაგრძელებთ. საქმის კეთება ჩვენი მთავარი მოტივაციაა და ამაში ყველანი ერთად ვართ“, – განაცხადა ლაცაბიძემ.

მისი თქმით, რუსთავის საკრებულოში „ქართული ოცნება“ უმრავლესობით არ არის წარმოდგენილი, თუმცა მას ეს ტრაგედიად არ მიაჩნია.

„ნებისმიერი ჩვენი გადაწყვეტილება, პროექტი, რომელსაც საკრებულოში შევიტანთ, მოსახლეობიდან იქნება წამოსული, მათი საჭიროებების, გამოწვევების საპასუხოდ, რომელიც დღეს ქალაქში გვაქვს და თუ ოპოზიციური პარტიები მხარს არ დაუჭერენ წარდგენილ პროექტებს, ვფიქრობ, რუსთავის მოსახლეობა, ჩვენ ყველა ერთად ვნახავთ მათ რეალურ სახეს, რომ მათი მთავარი მიზანი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებია“, – განაცხადა ლაცაბიძემ.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია გახდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები