დავით ზაალიშვილი: თუკი ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის უფლება ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს აქვს, ეს ნიშნავს, რომ ამავე უფლებით სარგებლობს პრემიერ-მინისტრის მეუღლე

აუქციონი დასრულდა 2021 წლის 24 დეკემბერს, მასში გაიმარჯვა ფიზიკურმა პირმა – ნუნუ თამაზაშვილმა და 5 958 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მას 49-წლიანი იჯარით გადაეცა, – ამის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ცოტა ხნის წინ საკრებულოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ზაალიშვილი აღნიშნული განცხადებით პრემიერ-მინისტრის მეუღლისთვის ტყის იჯარით გადაცემის ფაქტს ეხმიანება.

„მეგობრებო, როგორც ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე, მსურს გამოვეხმაურო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას და პროპაგანდას, რასაც „ქართული ოცნების“ ოპონენტებისგან და მათი კუთვნილი ტელევიზიების ეთერიდან ვისმენთ.

საუბარია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრისთვის, ვითომდა, ბაკურიანში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის მასივის ჩუქებაზე. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ასეთი ფაქტი ბუნებაში არ არსებობს და ეს არის სიცრუე და ცილისწამება!

რეალურად, ხსენებული ნაკვეთის 49-წლიანი იჯარით გაცემასთან დაკავშირებით, 2021 წლის 17 დეკემბერს, კანონმდებლობის სრული დაცვით, გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი, რომელშიც მონაწილეობის უფლება ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს ჰქონდა.

აუქციონი დასრულდა 2021 წლის 24 დეკემბერს, მასში გაიმარჯვა ფიზიკურმა პირმა – ნუნუ თამაზაშვილმა და 5 958 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მას გადაეცა 49 წლიანი იჯარით, მთელი რიგი ვალდებულებების, მათ შორის ტყის საფარის მოვლა/პატრონობის უზრუნველყოფის გათვალისწინებით.

კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ელექტრონული აუქციონი იყო გამჭვირვალე და კანონიერი, მასში მონაწილეობა კი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეეძლო!

მიუხედავად ამისა, ოპონენტები არ წყვეტენ აბსურდსა და ვიწროპარტიულ ინტერესებზე აგებულ ცილისმწამებლურ კამპანიას და მიზანმიმართულად ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, თითქოს პრემიერ-მინისტრის მეუღლეს „ტყის მასივი აჩუქეს“.

ბუნებრივია, ჩვენი ოპონენტებისთვის სრულიად გაუგებარია ღია და გამჭვირვალე ელექტრონული აუქციონების პრინციპი, რადგან მათ დროს ქონების დაუფლების ერთადერთი გზა ძალადობა, საკუთრების წართმევა, სხვა პირზე გადაფორმება, იძულება და რეკეტი იყო, თანაც ეს ყველაფერი სახელმწიფოს სახელით კეთდებოდა!

მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, თქვენი უკანონო მეთოდების სხვისთვის გადაბრალებით ჩვენს ხალხს ვერ მოატყუებთ!

ამიტომაც, მსურს მივმართო მათ, ვინც ცდილობს რომ ტყუილების მიზანმიმართული გავრცელებით კონკრეტული პოლიტიკური სარგებელი მიიღოს – არაფერი გამოგივათ და როგორი პროპაგანდისტული კამპანიაც არ უნდა აწარმოოთ, ჩვენს მოსახლეობას ვერ დააჯერებთ, რომ სახელმწიფოს კუთვნილი ქონება ან ვინმეს ვაჩუქეთ, ან ვინმემ ძალით მიიტაცა! მიტაცება და წართმევა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ საფირმო ნიშანი იყო, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში კი ყველაფერი ღია და გამჭვირვალეა!

ამიტომაც, რამდენიც არ უნდა იყვიროთ, სასურველ შედეგს უბრალოდ ვერ მიაღწევთ, რადგან კანონის წინაშე ყველა თანასწორია და თუკი ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის უფლება ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამავე უფლებით სარგებლობს როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეუღლე, ისე ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი სხვა მოქალაქე!“, – ნათქვამია ზაალიშვილის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები