აქცია ზუგდიდში – მოქალაქეები ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე ფასის დაწესებას აპროტესტებენ
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე ფასის დაწესებას ადგილობრივები აპროტესტებენ. ქალაქის ცენტრში შეკრებილი არიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და მოქალაქეებთან ერთად აქციას მართავენ.
მათი თქმით, სოციალური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ქალაქის ერთადერთ რეკრეაციულ ზონაში შესვლა ფასიანი არ უნდა იყოს.
„როდესაც ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს ადარებენ სხვა ბოტანიკურ ბაღებს, ეს არის არასერიოზული არგუმენტი. მთელი რეკრეაციული სივრცის 90% არის ბოტანიკური ბაღი. ამიტომ ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მოქალაქეს თუ ფასიანს გაუხდი შესვლას, ბევრად ნაკლები პრობლემაა, თუმცა ესეც პრობლემაა თავისთავად. ბოტანიკურ ბაღში შესვლის ბარიერის შექმნა, ნიშნავს ბარიერის შექმნას რეკრეაციულ ზონაში შესვლის 90%-ზე. სულ ბოლო კვლევებს თუ ნახავთ, მოსახლეობა უკვე თანხებს ზოგავს საკვებზე, ზუგდიდში მოსახლეობის 50%-ზე მეტი აღრიცხულია სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა ბაზაში. ძალიან მტკივნეულია, როგორ ექცევიან ახალგაზრდებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ არა აქვთ საკუთარი შემოსავალი“, – ამბობს მოძრაობა „ხმის“ წევრი გიორგი ხასაია.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი პირველი თებერვლიდან გახდება და სხვადასხვა ტარიფი იმოქმედებს. როგორც მერიაში განმარტავენ, ფასიანი მომსახურება ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციისთვის დამატებითი შემოსავალი იქნება, რათა ის უფრო მეტად განვითარდეს.