ოზურგეთის თეატრში სპექტაკლის „რესპუბლიკა გურია“  პრემიერა გაიმართება

ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში , 29, 30 იანვარს, 18:00 საათზე, რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლის „რესპუბლიკა გურია“ პრემიერა გაიმართება.

სპექტაკლი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის „კულტურის სფეროში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“ გამარჯვებული პროექტია და არის ინოვაციური წარმოდგენა თხრობის განსხვავებული, არავერბალური ფორმით. საინტერესო და შთამბეჭდავი მუსიკალური გაფორმებით. სიუჟეტი ეყრდნობა საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილ დოკუმენტურ მასალებს.

სპექტაკლი ეძღვნება გურიის მხვნელ-მთესველთა სოციალ-დემოკრატიულ რესპუბლიკას. წარმოდგენაში გაცოცხლებულია პატარა ქალაქი, ოზურგეთი, რომელიც თავს ითავისუფლებს და შიშის ზარს სცემს უზარმაზარ რუსეთის იმპერიას;  ქალაქი, სადაც ევროპაზე გაცილებით ადრე აღიარეს ქალთა უფლებები და განათლების პრიორიტეტი. გურიას, პოლიციური რუსეთის პატარა ნაწილს, რუსეთის იმპერიის მთავრობა ვეღარ განაგებდა. გურიის რესპუბლიკამ რამდენიმე თვე დამოუკიდებლად იარსება.

სპექტაკლში ხაზგასმულია უბრალო ადამიანის როლი თავისუფლებისათვის, ქვეყნისათვის ბრძოლაში. მნიშვნელოვანია, რომ მთავარი პერსონაჟები არიან არა ისტორიულად ცნობილი ფიგურები, არამედ უბრალო გლეხები, რომლებიც იბრძვიან ადამიანური ღირსებების დასაცავად. სპექტაკლში მონაწილეობს ოზურგეთის თეატრის მთელი დასი. რეჟისორის ასისტენტია ეკა ანთია, წამყვანი ბონდო ჩხარტიშვილი, ლოტბარები – მამია რუსიძე და ლედი კვაჭანტირაძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები