ოზურგეთის მერია: ბაღებიდან თანამშრომლების მასიური გათავისუფლება არ მომხდარა და არც იგეგმება – მოვუწოდებთ “ტვ პირველს” შეასწოროს გადაუმოწმებლად გავრცელებული ინფორმაცია

ბაღებიდან თანამშრომლების მასიური გათავისუფლება არ მომხდარა და არც იგეგმება – მოვუწოდებთ “ტვ პირველს” შეასწოროს გადაუმოწმებლად გავრცელებული ინფორმაცია – ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ტვ პირველზე გასულ სიუჟეტს ეხმიანება.

“ბოლო 2 დღის განმავლობაში საზოგადოება ოზურგეთში თვალს ადევნებს მპგ “ნაციონალური მოძრაობის” და “ტვ პირველის” ორკესტრირებულ კამპანიას და პოლიტიკურ სპეკულაციებს ბაღების თანამშრომლების ხელფასებთან დაკავშირებით. დასახელებული რიცხვები მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით, ბრალდებები და თანამშრომლების მასიური გათავისუფლების შესახებ, გადაუმოწმებელი ცნობები გახლავთ სრული სიცრუე.
სიმართლე გახლავთ შემდეგი: ბაღების თანამშრომლებს 2022 წლის 1 ივნისიდან ხელფასები 20%-ით გაეზრდებათ – ამის შესახებ, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ საკრებულოს ჯერ კიდევ, წინა წლის 28 დეკემბერს მიმართა და საკრებულოს უმრავლესობამ აღნიშნულს მხარი დაუჭირა. ბიუჯეტის პროექტს, რომელშიც ბაღის თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა იყო ასახული, საკრებულოს სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა. “ტვ პირველის” მხრიდან გავრცელებული ცნობა, თითქოს ბაღის აღმზრდელის ხელფასი 150 ლარს შეადგენს გახლავთ დეზინფორმაცია. სინამდვილეში, ხელფასები რომელიც დაგვხვდა წინა ადმინისტრაციისგან, პირველი ცვლის შემთხვევაში 450 ლარს, მეორე ცვლის კი 370 ლარს შეადგენს, ძიძის ანაზღაურება კი 410 ლარია. ბაღებიდან თანამშრომლების მასიური გათავისუფლება არ მომხდარა და არც იგეგმება.
მოვუწოდებთ “ტვ პირველს” შეასწოროს გადაუმოწმებლად გავრცელებული ინფორმაცია”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები