მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება. იმუნიზაციის პროცესის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს სისტემატურად მართავენ. ამჯერად, შეხვედრა სოფელ მუხრანში შედგა, სადაც შეკრებილ საზოგადოებასთან საუბარი აცრის მნიშვნელობასა და კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200 ლარიან პროგრამას შეეხებოდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა და მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რეგიონის კოორდინატორმა ბადრი კუკულაძემ, ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
როგორც შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, იმუნიზაცია მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისა და ქვეყნის განვითარებისათვის. ამასთან, მათ ხაზი გაუსვეს მთავრობის გადაწყვეტილებას ვაქცინაციის წახალისებასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ პროგრამა იანვარშიც გაგრძელდება. სარგებლობა კი ახლა უკვე 50 წლისა და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ. ყველა მათგანს ვაქცინის პირველი დოზის ჩატარების შემდეგ 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატი ავტომატურად ჩაერიცხება.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.