თეა ახვლედიანი ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს პოლონეთის თავმჯდომარეობის ახალდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელთან ვიორელ მოშანუსთან შეხვედრა გამართა.
თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობის გზით.
სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკანონო დაკავების ფაქტებზე და ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ეუთო-ს მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობა ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული საქართველოს ექვსი მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. ამასთან, სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ერთობლივი მუშაობის გააქტიურების მნიშვნელობას ცხინვალის რეგიონის, განსაკუთრებით ახალგორის რაიონის ხელოვნური იზოლაციის შედეგად შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად, რაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს კოვიდ-19 პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე.
მხარეებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე და აღნიშნეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ თემებზე, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასა და სხვა ჰუმანიტარულ საკითხებზე პროგრესის მიღწევის საჭიროება.
ამასთან, განხილულ იქნა ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მიმდინარეობა.
შეხვედრაზე თეა ახვლედიანმა უცხოელ დიპლომატს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში არსებული პრიორიტეტების, მიღწეული შედეგებისა და სამომავლო ხედვების თაობაზე, რაც კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვასა და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ასევე ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგის, ნდობის აღდგენის და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრობლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. აღნიშნულ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა 2010 წლის ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიისა და თანმდევი სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის პროცესზე, რომელიც ფართო საზოგადოებრივი მონაწილეობით, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მიმდინარეობს.თავის მხრივ, ეუთო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა და სამშვიდობო პროცესში ქართულ მხარეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
მხარეები შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
„ეუთოს ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელთან პირველი გაცნობითი შეხვედრა განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო. მოგეხსენებათ დიდია ეუთოს როლი საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობის და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართე სპექტრი. მათ შორის, რა თქმა უნდა, ვიმსჯელეთ ახალგორის რაიონში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე და იქ მცხოვრები მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ და უფლებრივ მდგომარეობაზე. განსაკუთრებული აქცენტი, ბუნებრივია, გაკეთდა ცხინვალის რეგიონის მიმართულებით მიმდინარე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციასა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების ფაქტებზე. ჩვენ განვიხილეთ, დეტალურად, მათი მდგომარეობა და ვიმსჯელეთ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენი 6 მოქალაქის უმოკლეს ვადაში გათავისუფლების თაობაზე”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.