“თბილისში სამკურნალოდ არ გამოუშვეს” – ოკუპირებულ ცხინვალში კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) ინფორმაციით, იანვარში დე ფაქტო ცხინვალის იზოლაციურ პოლიტიკას კიდევ ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

DRI-ს ცნობით, მიზეზი გასული წლის დეკემბერში ახალგორის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმის ცვლილება გახდა.

კერძოდ, მას შემდეგ, რაც საავადმყოფო ცხინვალის დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეამოწმეს და სავარაუდოდ, კორუფციული სქემა “გაშიფრეს”, მთავარი ექიმი ჯემალ ბედოევი თანამდებობიდან გაუშვეს და მის დროებით მის შემცვლელად მონიკა ჯიოევა დაინიშნა.

ორგანიზაცია წერს, რომ ჯიოევას დანიშვნის შემდეგ, პაციენტების თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა უფრო გართულდა. მისი ბრძანებით, პაციენტები სამკურნალოდ მხოლოდ ცხინვალში გადაჰყავთ, მიუხედავად იმისა, რომ ახალგორი-ცხინვალის დამაკავშირებელი გზა, რთული რელიეფის გამო, პაციენტებისთვის განსაკუთრებით რთულია.

ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, ახალგორში მაცხოვრებელ რამდენიმე პაციენტს მდგომარეობა კრიტიკულად დაუმძიმდა, რაც ორ შემთხვევაში ფატალური შედეგით დამთავრდა.

“იანვრის დასაწყისში, 70-წლამდე ასაკის მამაკაცი, ინფარქტის დიაგნოზით შეიყვანეს ახალგორის საავადმყოფოში. ნათესავების სურვილის მიუხედავად, – მამაკაცი თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გაეშვათ, მონიკა ჯიოევას კატეგორიული უარის გამო, ცხინვალში გადაიყვანეს. მამაკაცი გზაში გარდაიცვალა.

იანვარში, ახალგორელი ქალი, მისი მოთხოვნის მიუხედავად, თბილისში არ გამოუშვეს და ცხინვალში გადაიყვანეს. ცხინვალში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა. ქალი თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე მხოლოდ მდგომარეობის გართულების შემდეგ გადმოიყვანეს. დღემდე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი მკურნალობას თბილისში აგრძელებს.

12 იანვარს, ახალგორელი მამაკაცი ცხინვალში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მძიმე მდგომარეობაში მყოფს, საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა თბილისში გადმოყვანის უფლება არ მისცა”, – ნათქვამია DRI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს ყველა ფორმატი და შესაძლებლობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები