თეა ახვლედიანმა აფხაზეთში სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ყოველწლიური შეხვედრა გამართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა აფხაზეთში სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ყოველწლიური შეხვედრა გამართა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თეა ახვლედიანმა ხაზგასმით აღნიშნა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის შერიგებისა და ჩართულობის მიმართულებით, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისა და აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობა და აღნიშნულ კონტექსტში, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარული და ნდობის აღდგენის ხელშემწყობი პროექტების განხორციელებისთვის. ამასთან, ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევის გააქტიურების აუცილებლობას, მათ შორის ცხინვალის რეგიონის ხელოვნური იზოლაციის შედეგად შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად, რაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს კოვიდ-19 პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე.
შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, ასევე პანდემიით გამოწვეულ საჭიროებებზე. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიმოიხილეს მათ მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, ასევე სამომავლო ინიციატივები.
თავის მხრივ, თეა ახვლედიანმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობა, მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვები, რაც ერთი მხრივ, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობაზე ზრუნვასა და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ხოლო მეორე მხრივ – ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგის, ნდობის აღდგენის და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა 2010 წლის ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიისა და თანმდევი სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის პროცესზე, რომელიც ფართო საზოგადოებრივი მონაწილეობით, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მიმდინარეობს.
მხარეები ამ და სხვა საკითხებზე მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.