გუდაურში, ტურიზმის სექტორში დასაქმებული ხელმძღვანელი პირებისათვის ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გუდაურში, ტურიზმის სექტორში დასაქმებული ხელმძღვანელი პირებისათვის, ვაქცინაციის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ტარიელ ხულელიძე, მთის კურორტების განვითარების სააგენტოს, გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსი ნიკო ჩქარეული და მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რეგიონის კოორდინატორი ბადრი კუკულაძე ესწრებოდნენ.

სასტუმროების მენეჯერებს ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციებისა და თვითიზოლაციის ვადებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს, ხოლო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ყველას კორონავირუსზე დროული ტესტირებისკენ და წესების სათანადოდ დაცვისკენ მოუწოდეს.

ასევე, მხარეებმა კიდევ ერთხელ იმსჯელეს კურორტზე შექმნილი ეპიდსიტუაციისა და ამ კუთხით არსებული საჭიროებების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება ვაქცინაციის მნიშვნელობაზე გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ აცრა მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობისა და ქვეყნის განვითარებისათვის.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც სასტუმროების წარმომადგენლებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით შესაბამისი საინფორმაციო მასალა დაურიგდათ.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური სახის საინფორმაციო კამპანია სხვადასხვა ასაკისა და სფეროს წარმომადგენლებთან, რეგიონის მასშტაბით, მომავალშიც გაგრძელდება.

ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები