მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, მცხეთაში დათოვლილი გზები იწმინდება
მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მცხეთის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, მცხეთის კეთილმოწყობის სამსახური და საგზაო დეპარტამენტი გზების გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათი ცნობით, აღნიშნული სამუშაოები 2 დღეა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დაახლოებით 12 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა.
“ამ დროისათვის, ტექნიკური მარილი დაყრილია საგურამოში, ზაქაროში, ლისში, წოდორეთში, მსხალდიდის ჩასასვლელში, მცხეთაში-ნარეკვავისა და რკინიგზის სადგურის დასახლებაში, საჭირო ლოკაციებზე.
გზებზე შექმნილი პრობლემური სიტუაციებიდან გამომდინარე, მუშაობა გრძელდება საგურამოსა და ნიჩბისის მიმართულებით.
ტექნიკური მარილი ასევე, დაიყრება წეროვანში, აღდგომლიანთკარსა და ფრეზეთის დასახლებაში.
გთხოვთ, მაქსიმალურად დაიცვათ უსაფრთხოების ზომები გადაადგილებისას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.