“გულით დამაქვს ჩემი სამშობლო” – წალენჯიხაში სახელმწიფო დროშის დღეს საოკუპაციო ხაზთან აღნიშნავენ
სახელმწიფო დროშის დღეს წალენჯიხაში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ფახულანში სიმბოლური ღონისძიებით აღნიშნავენ. როგორც მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია “კვირასთან” საუბრისას აღნიშნავს, ღონისძიება 13:00 საათზე დაიწყება. ფახულანში მდებარე პირველი საჯარო სკოლის ეზოში საქართველოს დროშა ჰიმნის ფონზე აღიმართება, რის შემდეგაც საჯარო მოხელეები მოქალაქეებს დროშებს დაურიგებენ.
“დროშის დღე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო დღესასწაულია, რომელსაც არა მხოლოდ საჯარო მოხელეები, არამედ მოქალაქეებიც დიდი სიამოვნებით აღნიშნავენ ამ დღეს უკვე წლებია. სახელმწიფო სიმბოლიკის ერთ-ერთი დასტური არის დროშა. ბევრ ქვეყანაში აღინიშნება ეს დღე, როდესაც ადამიანები საჯარო უწყებებსა და სახლებზე გამოფენენ სახელმწიფო დროშებს, ჩვენი ქვეყნისთვის ეს მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან 20 პროცენტი რუსეთს აქვს ოკუპირებული. წალენჯიხაში ჩვენ ამ დღეს აღვნიშნავთ სოფელ ფახულანში, სადაც საოკუპაციო გამყოფი ხაზია. იქ არის პირველი საჯარო სკოლა, სადაც ამ დროისთვის დროშა არ არის და გადავწყვიტეთ იმ ადგილზე სადაც დროშის აღსამართი ბოძია, გამოვფინოთ დროშა. ამასთან ჩოხებში გამოწყობილი მომღერლები შეასრულებენ საქართველოს ჰიმნს. პარალელურად, საჯარო მოხელეები მოქალაქეებს დაურიგებენ სახელმწიფო დროშებს, ეს არის ერთგვარი ნაბიჯი დროშის პოპულარიზაციისკენ.
ვფიქრობ, ქართული დროშა, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არაერთი ტრანსფორმაცია განიცადა და დღეს 5-ჯვრიანი დროის სახე მიიღო, კარგად ასახავს ჩვენი სახელმწიფოს ისტორიას. იქ სადაც საოკუპაციო გამყოფი ხაზია ყველაზე მეტად სჭირდებათ მოქალაქეებს ჩვენი გვერდში დგომა და ამით დავაფიქსირებთ, რომ სახელმწიფო დგას მოქალაქის გვერდით. ამას სჭირდება მუხლჩაუხრელი შრომა და სახელმწიფო ინტერესის გულით და გონებით ტარება.
რატომ სკოლის ეზო. თავიდან როდესაც ვეძებდით ადგილს სად აღგვემართა დროშა, ვნახეთ, რომ სკოლის ეზოში იყო ეს ბოძი, თუმცა არ იყო დროშა. სიმბოლურიც არის, ვფიქრობ, რომ დღეს განათლების სისტემაში გამოცარიელებულია ეროვნული იდენტობის მარყუჟები. ჩვენ განათლებით ვებრძვით ოკუპაციას”, – განაცხადა თამარ ბელქანიამ.
წალენჯიხის მერის მოადგილე თურქეთში ვიზიტისას საქართველოს სახელმწიფო დროშასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ შემთხვევას იხსენებს და აღნიშნავს, რომ დროშა ყველაზე თვალსაჩინო ფიზიკური გამოხატულებაა სამშობლოს სიმბოლიზმში.
“დაახლოებით 5 წლის წინ, თურქეთში ყოფნის დროს, საქარიაში 26 მაისს აღნიშნავდნენ თურქი ქართველები და ერთმა ლაზმა ასეთი რამ თქვა – მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გვარი დიდი ხანია თურქეთში ცხოვრობსო, მე გულით დამაქვს ჩემი სამშობლოო. ამოიღო გულის ჯიბიდან საქართველოს დროშა, შემოიხვია მხრებზე და თქვა – აი, მე მიცავს ჩემი ქვეყანაო. მანდ მივხვდი პირველად, რა ბედნიერებაა როდესაც ადამიანს ასეთი განცდა აქვს საკუთარი ქვეყნის. ამიტომ ვფიქრობ, რომ რასთანაც ასოცირდება შენი სამშობლო, იმის გამოხატვა ვისაც როგორ უნდა ისე შეუძლია. ამის ყველაზე კარგი ფიზიკური გამოსახულება არის დროშა. შესაბამისად, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სკოლის ეზოში აღმართვასაც სიმბოლური დატვირთვა აქვს”, – ამბობს თამარ ბელქანია.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.