ჩხოროწყუს საკრებულოში თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობები ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გადაინაწილეს – სხდომას “ოცნება” კვლავ არ დაესწრო
ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმიას მოადგილეები ოპოზიციონერი დეპუტატები ეყოლება. დღეს გამართულ სხდომაზე, რომელსაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ, პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატი დავით შენგელია და “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რამაზ თოლორდავა ხმათა უმრავლესობით თავმჯდომარის მოადგილეებად აირჩიეს.
„პოლიტიკურ გარიგებაში არავისთან არ ვყოფილვართ, ჩვენ ჩვენი პარტიის კურსი და გზა გვაქვს, რომელსაც, ნებაყოფლობით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დაეთანხმნენ. ანალოგიური, ღია კომუნიკაცია გვაქვს „ქართულ ოცნებასთანაც“, – განაცხადა შოთა წურწუმიამ.
ორ პარტიას შორის მორიგებაზე ღიად საუბრობს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
„იყო მორიგება, რომ საკრებულო თავიდან ბოლომდე ოპოზიციური უნდა ყოფილიყო. „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის თანხმობასა და მზაობას აცხადებდა, რომ ოპოზიციას ჩაებარებინა ყველა მნიშვნელოვანი თანამდებობა საკრებულოში“, – აღნიშნა თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ რამაზ თოლორდავამ.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტია „საქართველოსთვის“ ერთმანეთთან ალიანსშია.
„ისინი პირდაპირ კოალიციაში არიან ერთმანეთთან. ამის მაგალითია დღევანდელი დღეც. როდესაც თანამდებობები ნაწილდება, ამ სხდომებს არ ვესწრებით, რადგან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „ქართული ოცნების“ თანამშრომლობა არცერთ ეტაპზე არ შეიძლება“, – თქვა ჩხოროწყუს საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ჯანო პერტაიამ.