ონის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს ანაზღაურება 65%-ით ეზრდებათ
ონის მუნიციპალიტეტის მერი, სერგი ხიდეშელი, მოადგილეებთან ერთად შპს “ონის სერვის ჯგუფის“ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, სერგი ხიდეშელმა თანამშრომლებს გასული შობა-ახალი წელი მიულოცა და მადლობა გადაუხადა იმ უდიდესი შრომისთვის, რასაც ისინი ქალაქის გალამაზებისთვის და დასუფთავებისთვის აკეთებენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების სურვილები, შეკითხვები და პრობლემები მოისმინეს, რის შემდგომაც მათ გააცნეს ის სიახლეები, რომლებიც ძირითადად მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიმართულებას ეხებოდა.
“დასუფთავების სამსახურის თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა, რომ ონის ქუჩები მოვლილი და სუფთაა. ჩვენ ვაფასებთ მათ მიერ შეტანილ წვლილს მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ონის თითოეულმა მაცხოვრებელმა უნდა ვიზრუნოთ სისუფთავეზე, პატივი უნდა ვცეთ ამ ადამიანების შრომას და არ დავანაგვიანოთ ჩვენი ულამაზესი ქალაქი”, – განაცხადა ხიდეშელმა.
ონის მუნიცუიპალიტეტის მერიამ გარკვეული ქმედითი ნაბიჯები გადადგა დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად, რაც ითვალისწინებს 2022 წლის იანვრის თვიდან ხელფასების 65%-იან ზრდას და თანამშრომლებისთვის სპეციალური უნიფორმებისა და საჭირო აღჭურვილობის შეძენას.