გზააბნეული ნიამორი რეინჯერებმა საბინადრო გარემოში დააბრუნეს
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის რეინჯერებმა გზააბნეული ნიამორი საბინადრო გარემოში დააბრუნეს. ნიამორი შატილში, დასახლებულ პუნქტში, ადგილობრივებმა დააფიქსირეს და ამის შესახებ ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკს აცნობეს.
„ნიამორის პოვნის და საბინადრო გარემოში დაბრუნების სამუშაოებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო. რეინჯერებმა ნიამორი უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით დაიჭირეს და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე დააბრუნეს. შემდგომი მონიტორინგისთვის, ნიამორს ნიშანი გაუკეთდა. რეინჯერები მასზე დაკვირვებას ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელებენ“, – აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.
ნიამორი წითელი ნუსხით დაცული უნიკალური და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობაა.
„ბოლო წლებში მიმდინარე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ნიამორის რიცხოვნება ყოველწლიურად იზრდება. დაცული ტერიტორიების სააგენტო მუდმივად აკვირდება მათ ფოტოხაფანგების, რეინჯერების და შესაბამისი აღრიცხვის მეთოდების საშუალებით“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.