ახალციხის სამხატვრო სკოლაში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა
ახალციხის სამხატვრო სკოლაში, სამხატვრო და სამუსიკო სკოლების მოსწავლეთა ერთობლივი წინასაახალწლო შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.
„ღონისძიების ფარგლებში სამუსიკო სკოლის მოსწავლეები, სტუმრების წინაშე წლის განმავლობაში მიღებული ცოდნით წარსდგნენ, ხოლო სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს, სადაც ძირითადად საახალწლო-საშობაო თემაზე შესრულებული ნახატები იყო. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ საბა კბილაშვილმა და მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა თამარაშვილმა.
სამხატვრო და სამუსიკო სკოლების დირექტორებმა ლელა ფერაძემ და ირმა დავლაშერიძემ გაწეული მუშაობა შეაჯამეს და იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი სახის ერთობლივი ღონისძიებები ტრადიციად იქცევა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.