ჩოხატაურში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა ჩოხატაურში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში მეხანძრე-მაშველებს პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად და მოსასვენებლად ყველა პირობა ექნებათ შექმნილი – თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო და მოსასვენებელი ოთახები, სავარჯიშო დარბაზი, ასევე, სამზარეულო და სასწავლო ოთახები, რომელიც აღჭურვილია კომპიუტერული ტექნიკითა და ავეჯით. ჩოხატაურის ახალ სახანძრო-სამაშველო შენობაში მოწყობილია 4 ავტომობილზე გათვლილი სადგომი. განყოფილება უზრუნველყოფილია სარეზერვო წყლის სისტემით, ეზოში განთავსებულია სპეციალური სავარჯიშო კოშკურა.

ახალ შენობაში სულ 18 თანამშრომელი იმუშავებს. სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის გარდა, ჩოხატაურის განყოფილებაში განთავსდება სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული დანაყოფიც.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის რეგიონებში სახანძრო-სამაშველო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. დაწყებულია სახანძრო სამაშველო შენობის მშენებლობა კასპში და ხულოში, რომელიც 2022 წელს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები