აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, კამპანიას – „ავიცრათ ერთმანეთისთვის” სენაკელი დევნილები შეუერთდნენ
„ავიცრათ ერთმანეთისთვის“ – ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ჩართულობით, სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს COVID-19-ის ვაქცინაცია ჩაუტარდათ.
ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია და სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში, იძულებით გადაადგილებულ პირებს იმუნიზაციის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები და სამედიცინო პირბადეები გადაეცათ.
ფართომასშტაბიანი კამპანია და სააგიტაციო ღონისძიებები, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლას ემსახურება და იმუნიზაციის პროცესის დაჩქარების მიზნით იმართება, აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, საქართველოს ყველა რეგიონში აქტიურად გაგრძელდება.