ნინო ლაცაბიძემ 2021 წელს საუკეთესო შედეგების მქონე რუსთაველი მწვრთნელები დააჯილდოვა
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქალაქის საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, 2021 წლის საუკეთესო სპორტული შედეგების მქონე რუსთაველ მწვრთნელებს შეხვდა.
ნინო ლაცაბიძემ, მიმდინარე წელს, სპორტის სხვადასხვა სახეობებში მიღწეული შედეგებისთვის მათ მადლობა გადაუხადა, სიმბოლური საჩუქრები და სიგელები გადასცა.
როგორც ქალაქის მერმა შეხვედრაზე განაცხადა, 2022 წლიდან, ,,სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრის” დაქვემდებარებაში არსებული სპორტული სექციების მწვრთნელების და იქ დასაქმებული ყველა თანამშრომლის ხელფასები გაიზრდება, ასევე გაორმაგდება წარმატებული ახალგაზრდა სპორტსმენების სტიპენდია.
,,რუსთავის საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, საუკეთესო სპორტული შედეგების მქონე მწვრთნელებს შევხვდით, სიმბოლური საჩუქრებით მივულოცეთ სპორტული მიღწევები და კიდევ უფრო მეტი წარმატებები ვუსურვეთ. მნიშვნელოვანია, ის, რომ 2022 წლიდან რუსთავში მწვრთნელებსა და სპორტის მიმართულებით დასაქმებულ თითოეულ ადამიანს გაეზრდება ხელფასი, ასევე გაორმაგდება წარმატებული ახალგაზრდა სპორტსმენების სტიპენდია. იმისათვის, რომ სპორტი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ჩვენს ქალაქში და უფრო მეტ წარმატებებს მიაღწიონ ჩვენმა სპორტსმენებმა და მათმა მწვრთნელებმა, მერია 2022 წელს კიდევ უფროა ქტიური იქნება, როგორც არსებული ინფრასტრუქტურის გავითარების კუთხით, ასევე ახალი სპორტული ობიექტების დამატებისა და ღონისძიებების გამართვის კუთხითაც”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
შეხვედრას რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი, მერიის სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრის ხელმძღვანელიც ესწრებოდნენ.
2021 წელს რუსთავს, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების 6 პრიზიორი, საქართველოს 43 ჩემპიონი და სხადასხვა საერთაშორისო ტურნირების 414 გამარჯვებული ჰყავს. მიმდინარე წელს, ქალაქში რამოდენიმე სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია განხორციელდა და 105 ათასი ლარის ღირებულების სპორტული ინვენტარი იქნა შეძენილი, აქტიურად მიმდინარეობს სპორტის სასახლის მშენებლობა, რაც რუსთავს საშუალებას მისცემს, საერთაშორისო ტურნირებს სპორტის 14 სახეობაში უმასპინძლოს. 2022 წლისთვის იგეგმება ჭიდაობის დარბაზის სრული რეაბილიტაციაც.