ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთის 2022 წლის ბიუჯეტი 27 814 000 ლარით განისაზღვრება
ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის 2022 ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 2,7 მილიონი ლარით გაიზარდა და 27 814 000 ლარი შეადგინა.
მისი თქმით, კვლავ პრიორიტეტულ საკითხებად რჩება სოფლების წყალმომარაგებით უზრუნველყოფა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ოზურგეთის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ასევე მნიშვნელოვანი წილი მოდის ოზურგეთელების სოციალურ პროგრამებზე.
“ოზურგეთის 2022 წლის ბიუჯეტი განვითარებაზეა ორიენტირებული და ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური და ეკონომიკური ამოცანების გადაჭრაზე იქნება მიმართული. 2022 წლის ბიუჯეტი 27 814 000 ლარით განისაზღვრება, რაც გასული წელთან შედარებით, 2 700 000 ლარით მეტია. საბიუჯეტო რესურსები მაქსიმალურად მორგებულია ჩვენს მიერ დაანონსებული 8 პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წყლით მომარაგების პრობლემების მოგვარებას, სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განახლებას, სპორტულ და რეკრეაციულ პროექტებს, სატრანსპორტო სისტემის განვითარებას, გარემოსდაცვით საკითხებს და დასაქმების ხელშეწყობას მოიცავს. ამ ამოცანების შესრულების მიზნით, ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან, რათა დამატებითი დაფინანსების მობილიზება მოხდეს ცენტრალური ფონდებიდან. ასევე, აქტიურად ვიმუშავებთ ახალ საინვესტიციო პროექტებზე, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის ეკონომიკური აქტივები საზოგადოების კეთილდღეობას მოხმარდეს. – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.