ახალციხეში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ახალციხის ცენტრალურ პარკში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სადღესასწაულო კონცერტი, სადაც ახალციხელების წინასაახალწლო განწყობის შექმნაში, ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად, ქართული ესტრადის მომღერლებმა მიიღეს მონაწილეობა. მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ოთო ნემსაძე, ნინო ძოწენიძე, მარიტა როხვაძე, ნათია დუმბაძე, დათო არჩვაძე და კვარტეტი „ჰანგები“.
ზეიმი განსაკუთრებით ზღაპრის გმირების კოსტიუმირებულმა საახალწლო წარმოდგენამ გაახალისა, პატარებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა თოვლის პაპამაც.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე წარმოდგენილი იყო „საახალწლო სოფელი“, სადაც მსურველებს საახალწლო-საშობაო თემაზე შექმნილი ნახატების, აქსესუარების, სუვენირების, ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების დათვალიერებისა და შეძენის შესაძლებლობა ჰქონდათ. მოეწყო, ტრადიციული კერძების დეგუსტაცია-გაყიდვაც.
გარდა ამისა, მოხალისე ახალგაზრდების ინიციატივით საქველმოქმედო აქცია გაიმართა, სადაც ახალგაზრდებმა ჩაი, ყავა და თავიანთი მომზადებული ტკბილეული გაყიდეს, შემოსულ თანხას კი საახალწლოდ შეჭირვებულ ოჯახებს მოახმარენ.
ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. დამდეგი ახალი წელი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მიულოცეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ.
„ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! სიკეთის, ბედნიერებისა და წარმატებების მომტანი ყოფილიყოს იგი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისათვის. ტრადიციულად ახალი იმედებით, სურვილებითა და მოლოდინით ვხვდებით ახალ 2022 წელს და მჯერა, რომ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტისა თუ იდეის განხორციელებას შევძლებთ მომავალი წლის განმავლობაში“ – მიმართა შეკრებილებს ირაკლი ლაზარაშვილმა.
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, ფოლკლორულ ანსამბლ მესხეთის სიმღერის „მრავალჟამიერის“ თანხლებით აინთო. ღონისძიება კონცერტითა და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები